Monday, June 11, 2012

ვიდეოები


















მოცარტი



ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

(გერმ. Wolfgang Amadeus Mozart; სრული სახელი Joannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart) (დ. 27 იანვარი, 1756, ზალცბურგი — გ. 5 დეკემბერი, 1791 ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, ინსტრუმეტალისტი, დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი. მოცარტის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის რეპერტუარში.


ბავშვობა


მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით, ხუთი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ოთხი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი.




ეს იყო მათი პირველი მოგზაურობა ევროპაში. ამ ტურნეში შედიოდა ევროპის მრავალი დიდი ქალაქი: მიუნხენი, აუგსბურგი,ლუდვიგსბურგი, ჰაიდელბერგი, მაინცი, ფრანკფურტი, კობლენცი, კიოლნი, ბრიუსელი, პარიზი, ვერსალი, ლონდონი, ამსტერდამი,ლიონი, ჟენევა, ბერნი, ციურიხი, ულმი და ისევ მიუნხენი, სადაც ბავშვები საგრაფო კარებზე და მუსიკალურ აკადემიებში მუზიცირებდნენ.

ამ მოგზაურობის დროს შეიქმნა პირველი სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ასევე პირველი სიმფონია Es-Dur(KV 16).იგი ლონდონში ეცნობა იტალიურ ოპერას და სიმფონიას.

ზალცბურგში დაბრუნების შემდეგ, სხვა კარის მუსიკოსებთან ერთად ქმნის პირველ ოპერას.
პირველი მოგზაურობა ვენაში და იტალიაში 1766-1771

1766 წელს ოჯახი მიემგზავრება ვენაში, მაგრამ ეპიდემიის გამო უწევთ ვენის დატოვება და თავს ოლომოუცში აფარებენ. 1768 წელს ბრუნდება მოცარტი ვენაში და ქმნის ზინგშპილი „ბასტიენ და ბასტიენა“ (KV 50) და ოპერა-ბუფა „La finta semplice“ (KV 51), რისი პრემიერაც მიუხედავად კაიზერ ფრანც I-ის შეკვეთისა არ შედგა, „იტალიური პარტიის“ ინტრიგების გამო.

1769 წლის დეკემბერში მოცარტი მამასთან ერთად იწყებს შემდეგ ტურნეს იტალიაში, რომელსაც თავბრუსდამხვევი წარმატება ხვდება.

მილანში მან ერთი მოსმენით გრეგორიო ალეგრის ცხრა ხმიანი მიზერერეს პარტიტურა უშეცდომოდ ჩაწერა ნოტებში, როდესაც ამ პარტიტურის გავრცელება ვატიკანისგან სასტიკად იკრძალებოდა.

პადრე ჯოვანი ბატისტა მარტინისთან ეუფლებოდა მოცარტი კონტრაპუნქტს. ერთერთი გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემდეგ მას ბოლონიის ფილარმონიული აკადემია იღებს, სადაც იგი ცნობილ იტალიელ მუსიკოსებს: ჯოვანი ბატისტა სამარტინის, ნიკოლო პიჩინის,პიეტრო ნარდინის და ჯოვანი პაისიელოს ხვდება.

1770 წლის 26 დეკემბერს მილანში შედგა მისი ოპერა-სერიის „Mitridate, Rè di Ponto“ (KV 87) პრემიერა, რასაც თავისი დიდი წარმატების გამო მალევე მოყვა „Serenata teatrale Ascanio in Alba“ (KV 111, პრემიერა შედგა მილანში 17 ოქტომბრის 1771 წელს) და "Dramma per musica Lucio Silla" (KV 135, პრემიერა შედგა მილანში 1772/1773 წლების სეზონზე).


ზალცბურგი-მანჰაიმი-პარიზი-ზალცბურგი 1772-1781


ზალცბურგიდან განთავისუფლების შემდეგ, მოცარტი მიმეზავრება დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში უკეთესი სამუშაოს საძებნელად. მანჰაიმში იგი ეცნობა იმპერატორ კარლ თეოდორს და მის ორკესტრს, რომლის კაპელმაისტერი, ცნობილი კომპოზიტორი ქრისტიან კანაბიჩი მისი ერთგული მეგობარი ხდება(იხ. აგრეთვე მანჰაიმის სკოლა).ზალცბურგში 1772 წელს არქიეპისკოპოსად დაინიშნა ჰიერონიმუს კოლორედო-მანსფელდი, რომელმაც მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელისკონცერტმაისტერად დანიშნა. მიუხედავად ზალცბურგის სამსახურის მკაცრი რეგლამენტისა, მოცარტი არ წყვეტს თავის მოგზაურობას მამასთან ერთად. 1772/1773 წლებში მათი იტალიაში მოგზაურობის დროს შედგა „ლუციო სილას“ (Lucio Silla) პრემიერა. 1773 წლის ბოლოს კი მოცარტი ქმნის პირველ საფორტეპიანო კონცერტს. ხანგძლივი პაუზის შემდეგ, 1777 წელს არქიეპისკოპოსთან არასასურველი ურთიერთობის გამო, ინთავისუფლებს თავს მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელისგან.

1778 წელს მამის ინიციატივით მოცარტი პარიზს მიემგზავრება. პარიზში დაიდგა მისი ბალეტი „Les petits riens“, რასაც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამავე წლის ივლისში გარდაეცვალა დედა.

1779 წელს მოცარტი ბრუნდება ზალცბურგში. იგი ინიშნება კარის ორგანისტად. მიუხედავად იმპერატორთან კვლავ დაძაბული ურთიერთობისა ამჯერად თითქმის ორი წელი გაატარა მან ზალცბურგში. აქ მან შექმნა „Krönungsmesse“ (KV 317) და ოპერა „იდომენევსი — კრეტის მეფე“ (KV 366).


ვენა 1781-1791


ზალცბურგის „კლანჭებიდან“ განთავისუფლებული მოცარტი ვენაში განაგრძობს ცხოვრება, სადაც იქმნება მისი უმნიშვნელოვანესი ოპერები: 1782 წელს შედგა ვენაში პრემიერა "მოტაცება სერალიდან" (Die Entführung aus dem Serail) (KV 384), რასაც მოჰყვა 1786 წლის 1 მაისს ოპერა ბუფას, „ფიგაროს ქორწინების“ (Le nozze di Figaro) (KV 492) პრემიერა.1781 წელს მისმა კონფლიქტმა არქიეპისკოპოსთან პიკს მიაღწია. შეუძლებელი გახდა მისი ზალცბურგში გაჩერება და იგი გადადის ვენაში.

1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღაში შედგა „დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანის“ (Don Giovanni) (KV 527) პრემიერა.

1790 წლის 26 იანვარს ოპერა ბუფას „ასე იქცევა ყველა ქალი“ (Cosi fan tutte) (KV 588) იდგმება ვენაში. ბოლო სამი ოპერის ლიბრეტოს ავტორია ლორენცო და პონტე.

1791 წლის 6 სექტემბერს შედგა ოპერა სერიას „La clemenza di Tito“ (KV 621) პრემიერა პრაღაში და ამავე წლის 30 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი ოპერა „ჯადოსნური ფლეიტა“ (Die Zauberflöte) (KV 620) დაიდგა ემანუილ შიკანედერის თეატრში auf der Wieden.

ვენის შემოქმედებაში შედის აგრეთვე მესა c-Moll(KV 427)(1783), ი. ჰაიდნზე მიძღვნილი 6 კვარტეტი (KV 387, 421, 428, 458, 464, 465)(1785),„ლინცის სიმფონია“ (Linzer Sinfonie)(KV 425), „პრაღის სიმფონია“ (Prager Sinfonie) (KV 504) (1786) და „მცირე ღამის მუსიკა“ (Eine kleine Nachtmusik) (KV 525) (1787), აგრეთვე ბოლო 3 სიმფონია: Es-Dur(KV 543), g-Moll(KV 550) da C-Dur „იუპიტერის სიმფონია“ (Jupiter-Sinfonie) (KV 551) (1788).

ვენაში 1782/1783 წლებში მოცარტი იცნობს გოტფრიდ ვან სვიტენს, იმპერატორულ ბიბლიოთეკის(დღევანდელ ავსტრიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის) პრეფეკტს, რომელიც მას აცნობს ი. ს. ბახისა და გ. ფ. ჰენდელის ნაწარმოებებს, მანუფაკტურებს. ბაროკოს დროის ნაწარმოებები დიდ გავლენას ახდენს მოცარტის შემოქმედებაზე.

1782 წლის 4 აგვისტოს მოცარტი ქორწინდება კონსტანცა ვებერზე, რომელიც მან მანჰაიმში ყოფნის დროს გაიცნო. ექვსი შვილისგან, რომლიც მათ გაუჩნდათ გადარჩა მხოლოდ ორი, კარლ ტომასი და ფრანც ქსავერ ვოლფგანგი. მოცარტის მამა ლეოპოლდ მოცარტი ორჯერ აკითხავს მას ვენაში, 1783 და 1785 წლებში. იგი 1787 წელს გარდაიცვალა.

ოპერა „ფიგაროს ქორწინებას“ და მის მაშინდელ ოპერებს, რომლებიც ვენაში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლია. წარმატება მის ოპერებს პრაღაში მოჰყვა. მაგრამ ეს მის მატერიალურ მდგომარეობას ვერ შველიდა. მოგვიანებით „ჯადოსნურმა ფლეიტამ“ ასე თუ ისე მოიპოვა წარმატება, რამაც მოცარტს მატერიალური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუუმჯობესა. მაგრამ ბოლოს დაიღალა ვენის არისტოკრატია მოზარტიტ, მოზარტმა დაკარგა ყველაფერი, აღარ ყავდა მოსწავლეები და იდზულებული გახდა მიეტოვებინა კომფორტული სახლი ცენტრში და გადასულიყო ქალაქის გარეუბანში.


გარდაცვალება და გარდაცვალების ვერსიები


მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ციებცხელება იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან. ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოკლა (მოწამლა).
„ჯადოსანური ფლეიტის“ პრემიერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო.

თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.

ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტის ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცას ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.

მოცარტი დასაფლავებულ იქნა ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.


საქართველოში მოცარტის ნაწარმოებების შესრულებას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე არაერთგზის დაიდგა „დონ ჟუანი“ (პირველად 1867) და „ფიგაროს ქორწინება“ (პირველად 1888). დაიდგა აგრეთვე „ბასტიენ და ბასტიენა“ (1912), „ჯადოსნური ფლეიტა“ (1974, ქართულ ენაზე). მოცარტის ნაწარმოებების ქართველი შემსრულებლები არიანი პიანისტები: ე. ვირსალაძე, მ. ჩხეიძე (ზალცბურგის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, 1956), მევიოლინეები: მ. იაშვილი და ლ. ისაკაძე.

წყარო

ბეთჰოვენი



ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი 








 ბეთჰოვენთა გვარი , წარმოშობით ფლამანდიურია, რაზეც გვარს დართული წინსართი “ვან” მიუთითებს.ბონში 1732წელს დასახლდნენ. 
1770 წლის 16 დეკემბერს,(სავარაუდოდ), გერმანიის პატარა ქალაქ ბონში, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი დაიბადა და მეორე დღესვე მოუნათლავთ.
ბაბუა, ლუდვიგ ბეთჰოვენი- ვიოლინოზე უკრავდა და პარალელურად  მეფისნაცვალის კარის კაპელაში მღეროდა, შემდგომში კი იგი ამავე კაპელის კაპელმეისტერი გახდა. მრავალი წლის განმავლობაში გადანახული ფულით იწყებს    ღვინით ვაჭრობას და მალე მდიდრდება. მას სამი შვილი ჰყავდა, რომელთაგანაც ორი პატარაობისას გარდაიცვალა; დარჩა მესამე -იოჰანი, ისიც ავადმყოფი,ზარმაცი, უხეირო. შემდგომში  მომღერალ- ტენორისტად  მუშაობდა  მამამისთან. იოჰან ვან ბეთჰოვენი-,რომელიც სიმღერას, მუსიკის თეორიასა და კლავისინზე დაკვრასაც ასწავლიდა, ნამდვილად ნიჭიერი, მაგრამ თავქარიანი და მერყევი ადამიანი იყო.
 მუსიკალური ნიჭი ლუდვიგმა ადრეულ ასაკში გამოავლინა, რამაც მამამისს დაუოკებელი სურვილი გაუჩინა, რაც შეიძლება მალე ეჩვენებინა მთელი ქვეყნისთვის “ბავშვი-საოცრება”, ამიტომ იგი თვითონ იწყებს ლუდვიგის მეცადინეობას, თუმცა სანიმუშო პედაგოგი არ იყო. ძალიან მკაცრი,  ცოტა უკმეხი მუსიკოსი, დარდიმანდი მამა, მთელი დღის განმავლობასი კლავისინზე დაკვრას  აიძულებდა პატარა ლუდვიგს და მცირე შეცდომისთვისაც  მკაცრად სჯიდა, ხშირად  კი ცემდა კიდეც. იოჰანს, ახსოვდა მოცარტის წარმატებები, რაც მოსვენებას არ აძლევდა  და ყოველ ღონეს ხმარობდა მისი შვილიც “ვუნდერკინდი”  მუსიკოსი გამოეყვანა.
თავიდან, ის ლუდვიგს ვიოლინოზე დაკვრას ასწავლიდა, შემდეგ მეცადინეობა მისმა  მუსიკალური წრის მეგობარებმა  გააგრძელეს: კოხი და ზეეზე- ორღანზე დაკვრას ასწავლიდნენ ,  კლავისინზე და ფლეიტაზე -პფეფერი, ვიოლინოზე  და ალტზე – როვანტინი.  პატარა ლუდვიგი დღეში 7-8 საათს მეცადინეობდა. ხანდახან, იოჰანს ღამე მეცადინეობის სურვილი უჩნდებოდა , აღვიძებდა პატარას და  ტირილის , თხოვნის მიუხედავად, ეს მეცადინეობა 3-4 საათი გრძელდებოდა. განსაკუთრებით აუტანელი ხდებოდა ლუდვიგის მდგომარეობა მაშინ, თუ მამამისი გვიან ღამით, მთვრალი, მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა . იოჰანი, მეგობრების წინაშე,  თავს იწონებდა შვილის წარმატებებით. ამ დროს მასზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდი.  იოჰანთან არც დარწმუნება, არც თხოვნა და არც ცრემლები არ მოქმედებდა.რომ არა ბავშვის უდიდესი  ტალანტი და მუსიკისადმი გადაულახავი ლტოლვა, ასეთი მკაცრი მოპყრობა სამუდამოდ შეაჯავრებდა ლუდვიგს ხელოვნებას.
დედა-  კარის მზარეული, ავადმყოფი ქალი, ერთადერთი ლუდვიგის მოყვარული და მეგობარი, ყოველთვის ვერ ახერხებდა შვილის დაცვას.
იოჰანი, სამეფო კარზე 6 წლის ლუდვიგის  გამოსვლას აწყობს, მაგრამ ამ კონცერტს ისეთი წარმატება არ მოჰყოლია, როგორსაც მამა ელოდა. ამის შემდეგ, ლუდვიგი დედასთან ერთად ჰოლანდიაში მიდის , სადაც აღტაცებით იღებენ.
8 წლის ასაკში, პატარა ბეთჰოვენი პირველ სერიოზულ კონცერტს ქ. კელნში მართავს, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა.კონცერტები სხვა ქალაქებშიც გაიმართა და ყველა – წარმატებით. ლუდვიგის წარმატებამ, იოჰანს აშკარად დაანახა, რომ იგი უკვე ვეღარაფერს შემატებს  შვილის ცოდნას.  მისი ეგოიზმი იქამდე მიდის, რომ  ათი წლის ასაკში სკოლიდანაც კი გამოჰყავს. იოჰანის გართობას  ფული სჭირდება, ასეთი  ცხოვრებით გატანჯული და გაწამებული დედაც  ავად ხდება და ლუდვიგიც იძულებულია მუშაობა დაიწყოს, სამეფო კარის კაპელაში ორღანისტად.  “ის ჯერ კიდევ ბიჭია, ორი წელია ხელფასის გარეშე მუშაობს, უკრავს ორღანზე... კარგი მონაცემები აქვს” – ასე მოახსენეს ცამეტი წლის ბეთჰოვენზე ბონის მბრძანებელს.  სამსახურში მიიღეს, მაგრამ მისი ანაზღაურება ძალიან დაბალი იყო, რადგან  ბავშვს, როგორც  ბავშვს    ისე  უხდიდნენ-ორჯერ ნაკლებს.
პატარა ლუდვიგზე მამის მოქმედებამ მძიმედ იმოქმედა და მან მტკიცე გადაწყვეტილებას მიიღო:“მე თვითონ მივაღწევ!”- და მართლაც აასრულა  ჩანაფიქრი და არა მხოლოდ მუსიკის განხრით. მას ძლიერი ნება და ნათელი მისწრაფება აქვს. დასახული მიზნის მისაღწევად დღე და ღამე შრომობს. მისი ბავშვობა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე სხვა ბავშვების,- მძიმე და გაუხარელი. უცნაურმა სიდინჯემ და ჩაფიქრებულობამ, მისი ბუნებიდან მხიარულება და ცელქობა ნაადრევად გააძევა. 
 1799 წელს, ბონში ,საკარო მუსიკალური თეატრის ხელმძღვანელად ჩამოვიდა იოჰან გოტლობ ნეეფე, რომლის ჩამოსვლაც ყრმა ბეთჰოვენის მხატვრულად ჩამოყალიბების საქმეში გარდატეხას მოასწავებდა. ცნობილი კომპოზიტორი, ორღანზე ს ანთება დაეწყო, 1809-10 წწ. ციებცხელებამ შეიპყრო, მოკლედ სიცოცხლის ბოლო წლებში დამკვრელი,მწერალი-მუსიკოსი ნეეფე, ფართო საუნივერსიტეტო განათლებით გამოირჩეოდა. გერმანული განმანათლებლობის  ტიპიური წარმომადგენელი, იგი უდიდეს ზეგავლენას ახდენდა ბეთჰოვენზე თავისი ესთეტიური შეხედულებებით: ნეეფე ლუდვიგს გაკვეთილებს აძლევს, აცნობს წარსულის უდიდეს გერმანელ კომპოზიტორებს. ი. ს. ბახის “კარგად ტემპერირებული კლავირის” ღრმა შესწავლამ მნიშვნელოვანი კვალი დააჩინა ბეთჰოვენის  შემოქმედებას. ნეეფე გაზეთებში ბეთჰოვენზე წერს სტატიებს, ეხმარება პირველი ნაწარმოების გამოცემაში.მან გააცნო აგრეთვე ჰენდელის ნაწარმოებებიც. თუ ი. ს. ბახის ხელოვნების ფილოსოფიურმა საწყისმა, მისმა ინტენსიურმა მელოდიურმა განვითარებამ, გამომსახველმა პოლიფონიამ, მკაცრმა არქიტექტონიკამ,  თავისებური გარდატეხა ჰპოვა ბეთჰოვენის მუსიკაში, განსაკუთრებით კი მისი შემოქმედების გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში, ჰენდელის გმირულმა სტილმა, მისი სიცოცხლის დამამკვიდრებელმა მსოფლმხედველობამ, ფორმის მონუმენტურობამ, ხმოვანების გრანდიოზულობამ, ზემოქმედების მასობრივმა ძალამ- ლუდვიგი თვითმყოფადი გახადა, რადგან ყოველივე  ჩამოთვლილი მახლობელი აღმოჩნდა მისთვის. ინსტრუმენტული  მუსიკის სფეროში მოღვაწე  XVIII საუკუნის კომპოზიტორთაგან, გარდა ჰაიდნისა და მოცარტისა, ბეთჰოვენზე დიდი გავლენა მოახდინა ფ. ე. ბახმა-”ქარიშხლისა და შეტევის” ესთეტიკის ამ  ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა.
ნეეფეს განსწავლულობა, სითამამე ცხოვრებისეულ საკითხებზე და  ნიჭი, რაღა თქმა უნდა,  რომ დიდ ზეგავლენას მოახდენდა  მოსწავლეზე, რომელსაც  სულ მალე თავისუფლად  შეუძლია შეცვალოს  ორღანისტი ნეეფე და  მართლაც,  მისი ბონიდან გამგზავრების შემდეგ, 1782 წელს, ბეთჰოვენმა  შეცვალა ნეეფე, როგორც კარის ორღანისტი. ცამეტი წლის ასაკში იგი კლავისინისტად იყო ჩარიცხული კარის ორკესტრში, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაყვანილ იქნა ორღანისტის თანაშემწედ და მუდმივი ხელფასი დაენიშნა.
ჩვენამდე მოღწეულ პირველ ადრეულ ნაწარმოებთაგან, ვარიაციები დრესლერის მარშზე c-moll, ბეთჰოვენმა თორმეტი წლის ასაკში შექმნა (1783 ). ამ ნაწარმოებში უკვე შეიმჩნევა გარკვეული ესთეტიკური მიზანდასახულობა. თემა აღსავსეა პათეტიკური ინტონაციებით, და მისი მრავალმხრივი ჩვენებისას  ნათლად მოისმის  “ქარიშხლისა და შეტევის”  ამბოხი სულის ანარეკლი.
კლავისინისათვის  1783 წელს დაწერილი და გამოქვეყნებული  სამი სონატისაგან, განსაკუთრებით  გამოირჩევა მეორე,f – moll. მიუხედავად არასრულყოფილი ხასიათისა და სხვა  კომპოზიტორთა (ნაწილობრივ ფ. ე. ბახის ) სტილის ზეგავლენისა, მასში ვხვდებით დრამატულ ელემენტებს, რომელნიც ნიადაგს უმზადებენ მომავალ “პათეტიკურ სონატას”.            
 მართალია, ბეთჰოვენი სკოლიდან გამოიყვანეს, მაგრამ იგი  დიდად კულტურული ადამიანი იყო, რადგან, თავის თვალთახედვას აფართოებდა   თვითგანვითარებით, რაც ბონის წლებში დაიწყო. მან შეისწავლა ფრანგული და იტალიური ენები,იცოდა აგრეთვე ლათინური ენა და მთელი სიცოცხლის მანძილზე უდიდესი პატივისცემით იყო გამსჭვალული კლასიკური ლიტერატურის მიმართ. იგი ეცნობოდა ბერძენ მწერლებს(პლატონი, პლუტარქე,ჰომეროსი, სოფოკლე, არისტოტელე, ევრიპიდე ), ზეპირად იცოდა ბევრი რამ შექსპირის შემოქმედებიდან. მძლავრი შექსპირისეული რეალიზმი, მისი ღრმა ვნებანი, დემოკრატიული მსოფლმხედველობა, გარკვეულად აისახა ბეთჰოვენის მთელ ხელოვნებაში. კომპოზიტორი ხშირად ღებულობდა  შთაგონებას შექსპირის დრამებიდან( კერძოდ “აპასიონატას” და მე-17 საფორტეპიანო სონატის შექმნისას ). გერმანულ ლიტერატურას- შილერს, გოეთეს, კლოპშტოკს- იგი ადრიდანვე შესანიშნავად იცნობდა. მოწიფულობის ხანაში მის გატაცებას დაემატა სპარსული პოეზია, კერძოდ ომარ ხაიამის ფილოსოფიური ლექსები. ბეთჰოვენი დაინტერესებული იყო ბუნებისმეტყველებით და  დიდად აფასებდა მეცნიერების როლს თანამედროვე კულტურისათვის.აზრის განსაკუთრებულ სისრულეს, სიფართოვესა და  ჭეშმარიტ მიზანსწრაფვას ამჟღავნებდა იგი საზოგადოებრივ- პოლიტილურ საკითხებში. ვოლტერისა და რუსოს ნაწარმოებების, კერძოდ ამ უკანასკნელის “საზოგადოებრივ ხელშეკრულებას” იგი ორიგინალში ეცნობოდა. იგი თანაუგრძნობდა კანტის იდეას  თავისუფალი რესპუბლიკების მსოფლიო ფედერაციის შესახებ და  პოლიტიკურად აქტუალურად თვლიდა პლატონის “რესპუბლიკას”, ბეთჰოვენის შეხედულებანი, მისი მსჯელობა, საზოგადოებრივი შეფასებანი გამოირჩეოდნენ თანამიმდევრული რევოლუციური სულისკვეთებით.  
იგი ეცნობოდა თანამედროვე სიმფონიურ მუსიკის,  უახლეს საოპერო დადგმებს: ფრანგულ და იტალიურ კომიკურ ოპერებს( გრეტრი, ფილიდორი, მოცარტი და სხვა.), გერმანულ ზინგშპილებს (მოცარტი, დიტერსდოფი ). ყრმობისდროინდელმა თეატრალურმა შთაბეჭდილებებმა  თავისი გამოხატულება ჰპოვეს ბეთჰოვენის არა მარტო მრავალრიცხოვან ვარიაციებში, რომელნიც აგებულ იქნენ კომიკური ოპერების არიების თემებზე, არამედ თვით “პასტორალურ სიმფონიაშ იც” კი. იმავე თეატრში, რამდენიმე წლით უფრო გვიან, ბეთჰოვენმა პირველად მოისმინა გლიუკის ოპერები (“ორფეოსი” და “ალცესტა”), რომელთაც უდიდესი ზემოქმედება მოახდინეს ბეთჰოვენის სტილის  ფორმირებაზე.  
ბეთჰოვენის ურთიერთობა ვენასთან 1787 წელს იწყება. იმის შემდეგ ,რაც პირველად ეწვია ამ ბრწყინვალე  მუსიკალურ დედაქალაქს. ვენა-განთქმული უდიდესი მუსიკალური კულტურით, ვენა- ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ცანტრი. ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ვენის კარი იტალიის “ საოპერო ფილიალის “ როლს ასრულებდა, ხოლო  XVIII საუკუნეში ნერგავდა  მრავალფეროვანსა და  მრავალეროვან საოპერო ჟანრებს. ამავე საუკუნის მეორე  ნახევრიდან ავსტრიის დედაქალაქი კლასიკური სიმფონიზმის სამშობლოდ გადაიქცა. ბრწყინვალე საზოგადოების მუსიკალური კულტურის დონე, გაცხოველებული საკონცერტო ცხოვრება, ამასთანავე გამოჩენილ კომპოზიტორთა კერძო საავტორო კონცერტები (ე. წ. “აკადემიები”), ქალაქის ყოფითი მუსიკის მრავალფეროვნება, საზოგადოებრივი ცეკვები,  მუსიკალური შეკრებანი, საშინაო მუსიცირება,ბოლო ჩიხამდე გაჟღენთილი მუსიკით, კარისა და სახალხო თეატრები,ეკლესიებსა და სასახლეებში კაპელის გუნდები, მოყვარულ ორკესტრთა კონცერტები,მხიარული სერენადები ქალაქის ქუჩებში- ყოველივე ეს არაჩვეულებრივ გაცხოველებასა და ბრწყინვალებას მატებდა ვენის მხატვრულ ცხოვრებას.
ლუდვიგს  სურდა  აქ შეევსო თავისი  თეორიული განათლების ნაკლი. ვენაში ბეთჰოვენმა მოცარტის დაკვრას მოუსმინა. იგი გაეცნო მოცარტს. ახალგაზრდა ბონელი მუსიკოსი, უბრწყინვალესი კომპოზიტორის წინაშე ასრულებს იმპროვიზაციებს. ბეთჰოვენის მგზნებარე, შთამაგონებელმა საფორტეპიანო იმპროვიზაციებმა მოცარტზე უდიდესი შთაბეჭდილება მოხდინეს. მეგობრებთან საუბარში მან ახალგაზრდა მუსიკოსს ბრწყინვალე  მომავალი უწინასწარმეტყველა: “ მიაქციეთ მას ყურადღება. იგი აიძულებს ყველას მასზე ილაპარაკონ”. მოცარტმა შეძლო დაენახა მომავალი მუსიკოსის მუსიკა. ლუდვიგი ვენაში რჩება და მოცარტთან მეცადინეობს, სწავლობს კომპოზიციას -ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო. ბეთჰოვენმა ბავსვობიდანვე შეითვისა მოცარტის მუსიკის დრამატიზმი. მოცარტი ამ დროს “ დონ-ჟუანზე” მუშაობს. მისთვის ახლოს იყო მოულოდნელი გადასვლები დარდიდან-ბედნიერებისკენ. ასეთი მკვეთრი კონტრასტები ვლინდება ლუდვიგის  პირველსავე სონატებში- და უფრო დიდი ძალითაც და ვნებითაც. მიუხედავად  კომფორტის სიმწირისა, ლუდვიგს გადაწყვეტილი აქვს სამუდამოდ დარჩეს ვენაში. ბეთჰოვენმა შემდეგ  მეცადინეობა განაგრძო ალბრეხტსბერგთან და სალიერთან.  ალბერტსბერგი კათოლიკური ეკლესიის კაპელმეისტერი, დიდად განათლებული მუსიკოსთაგანი, კომპოზიციის უძვირფასესი სახელმძღვანელოს ავტორი, ითვლებოდა კონტრაპუნქტის საუკეთესო მცოდნედ, მკაცრ პედაგოგად.  მასთან წელიწადნახევარს მეცადინეობდა.
 
უეცარმა წერილმა ბონიდან, ლუდვიგის ყველა ჩანაფიქრი ჩაშალა. დედის მძიმე ავადმყოფობის გამო, იგი იძულებულია დაბრუნდეს სახლში. 1787 წლის სექტემბერი: “ ძვირფასო მეგობარო! მე ჩამოვუსწარი დედაჩემს ცოცხალს. დიდი ტანჯვის შემდეგ ის                          გარდაიცვალა... ჩემთვის ის ისეთი კეთილი და სათნო იყო... ჩემი საუკეთესო მეგობარი”...
ბეთჰოვენის სახლში , დედის სიკვდილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა:  ცოტა ხანში უმცროსი  და( დაახლოებით წლინახევრის) გარდაეცვალა, მამა სახლიდან წავიდა , ცალკე დასახლდა და ისედაც მსმელი კაცი სულ გალოთდა. 17 წლის ლუდვიგი ოჯახის უფროსი გახდა.მას ორი უმცროსი ძმა დარჩა, რომელთაც პატრონი სჭირდებოდა. დღე , კაპელასა და ეკლესიაში ორღანზე დაკვრით იწყებოდა, შემდეგ კერძო გაკვეთილები, საღამოს კი -თეატრში, ორკესტრში უკრავდა. მუსიკას ღამღამობით წერდა. ამ დროს კიდევ ერთხელ გამოვლინდა  მისი ხასიათის სიძლიერე. იგი  თავგანწირულად იბრძვის ძმების, ოჯახის გადასარჩენად და ამავე დროს  ისწრაფვის სრულყოფისაკენ. 
ბეთჰოვენი განიცდის მატერიალურ სივიწროვეს და სულიერ მარტოობას, კერძო გაკვეთილები უხალისოა, ხშირად  ტოვებს გაკვეთილებს: “უკაცრავად, დღეს  არ შემიძლია თქვენთან მეცადინეობა, -ეუბნება მოწაფეს,-ხვალ მოვალ სამაგიეროდ”.
დროგამოშვებით შედის ბრეინინგის ოჯახში სასაუბროდ: ქალბატონი ბრეინინგი-ქალი მოხუცი, ზრდილი, დარბაისელი, ბეთჰოვენს ეპყრობა როგორც დედა, უვლის, ეხმარება. ბეთჰოვენი მის ქალიშვილს-ელეონორას,- მუსიკის გაკვეთილებს აძლევს.
ბეთჰოვენისათვის ბრეინინგის ოჯახი იყო ნამდვილი კულტურისა და დასვენების კუთხე. იგი თითქმის ყოველ საღამოს დადის მათ ოჯახში, მთელ საღამოებს  წიგნების კითხვით, ფორტეპიანოზე დაკვრით ატარებს; ამავე ოჯახში ლუდვიგი  ვიღაც ზიმოვს ეცნობა, რომელიც შემდგომ ბეთჰოვენის ნაწერების გამომცემელი ხდება. აქვე ეცნობა ბეთჰოვენი გრაფვალდშტეინს.( ეს ის გრაფია, რომელიც ურჩევს კურფიურსტს დაუნიშნოს ბეთჰოვენს სტიპენდია, გრაფი გავლენიანი პირია,კურფიურსტი მას უსმენს და უჯერებს.)
და მაინც, მას უხდება მტანჯველი, მწუხარე შეტევების გადალახვა.მან მტკიცედ იცის: თუ მუსიკაში გადმოსცემს თავის გრზნობებს და მასთან ერთად ხალხის ტანჯვას,-იგი გათავისუფლდება ტანჯვისაგან და კვლავ აივსება რწმენით, იმედით და იქნება ბედნიერი
ახალგაზრდა ბეთჰოვენის ენერგიის უდიდეს ნაწილს შემოქმედება  ნთქავდა. იგი საკმაოდ ნელა თხზავდა. მისი ცხოვრების ბონის პერიოდი არ გამოირჩევა  დიდი ნაყოფიერებით. ათი წლის განმავლობაში ბეთჰოვენმა შექმნა ორმოცდაათზე ცოტა მეტი ნაწარმოები.(მათ შორის კანტატები,  მუსიკა “რაინდული ბალეტისათვის”,  ექვსი საფორტეპიანო სონატა, სამი საფორტეპიანო კვარტეტი, ორი ტრიო, რამდენიმე სიმღერა თანამედროვე  გერმანელი პოეტების სიტყვებზე, ვარიაციები.) დიდი უმრავლესობა მხოლოდ ისტორიულ ინტერესს შეადგენს. ჩვენი დროის რეპერტუარში შემორჩენილია რამდენიმე სიმღერა, მათ შორის “ზაზუნა”; ორი საბავშვო სონატა ფორტეპიანოსათვის, რამდენიმე საფორტეპიანო ვარიაცია. როგორც ჩანს, ბეთჰოვენს შეგნებული ჰქონდა თავისი ახალგაზრდული ცდების არასრულყოფილი ხასიათი და ამიტომ არ ჩქარობდა მათ გამოქვეყნებას. ხოლო შემდეგში , მოწიფულობის პერიოდში, ნაწილობრივ გამოიყენა ზოგიერთი მათგანი ახალი ნაწარმოების შესაქმნელად. ორი ეპიზოდი სამგლოვიარო კანტატიდან გადავიდა ოპერა  “ფიდელიო”-ში. Adagio პირველი საფორტეპიანო კვარტეტიდან გამოყენებულ იქნა პირველი საფორტეპიანო სონატის OP.2 მეორე ნაწილად. დანარჩენი კი, რომელიც სრულად იყო დაბეჭდილი, რადიკალურად იქნა გადამუშავებული.,
 ამ დროს იბადებოდა აღმაფრთოვანებლად მხიარული ფინალები მის სონატებში, კვარტეტებსა თუ ტრიოებში.ლუდვიგს ააქვს უნარი ერთნაირი გულღიაობით გადმოგცეთ მუსიკაში ამ გრძნობათა ცვლა,რომელიც ხანდახან არაბუნებრივ კონტრასტებს ბადებს.
 ბეთჰოვენი არა მარტო კამერულ-ინსტრუმენტულ პიესებს , არამედ შესანიშნავ სიმღერებსაც წერს, ხოლო მისი იმპროვიზაციები მსმენელს განუმემეორებლად, პოეტურად მიაჩნიათ.
1789 წელს ბონის ჩვეული ცხოვრებაის სიმყუდროვეს, საფრანგეთის რევოლუციის ამბავის ცნობა არღვევს. ბონი აფორიაქებულია. უნივერსიტეტში, საუკეთესო პროფესორების თავისუფლებისაკენ მოწოდების ტირადები ისმის, საფრანგეთიდან თავისუფლების სიმღერები და ლექსებიაღწევს. 19 წლის ბეთჰოვენი ფილოსოფიური ფაკულტეტის სტუდენტი , ამხანაგებთან ერთად ოცნებობს თავისუფლებასა,  თანასწორობასა და ძმობაზე. ის ფიცს დებს, რომ რევოლუციის იდეების ერთგული იქნება. ბეთჰოვენს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ფიცისთვის არ უღალატია და ყოველთვის ერთგული ერთგული დარჩა ამ იდეებისა.  თავისუფლებისმოყვარე სტუდენტებსა და პროფესორებთან ერთად იგი მგზნებარებითა და აღტაცებიტ მიესალმა საფრანგეთის რევოლუციას, რომელშიც ხედავდა კაცობრიობის განთავისუფლების ერის დასაწყისს. ბონის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორთაგანი იყო იაკობინელი შნეიდერი, რომელიც სემდეგში საფრანგეთის რევოლუციური არმიის კომისარი გახდა. ბეთჰოვენი მისი რევოლუციური ლექსების კრებულის ერტ-ერტი ხელისმომწერი იყო. სტუდენტები ჩუმად ბეთჰოვენის “თავისუფალი ადამიანის” სიმღერას მღერიან. ბონის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ იზიარებდა რევოლუციურ იდეებს. ბასტილია დაეცა, სტუდენტები დაისაჯნენ, პროფესორები გაყარეს. ბონში ძველებური ცხოვრების წესი აღდგა. ბათჰოვენი კი, არ ღალატობს რა ფიცს, მუსიკით  გმირულ იდეებს, შეშფოთებას, მოწოდებას ბრძოლისაკენ და გამარჯვების სიხარულს გადმოსცემს. საბრძოლო მოტივი სამუდამოდ რჩება მის სონატებში, სიმფონიებსა თუ უვერტიურებში.
გამოჩენილი ავსტრიელი კომპოზიტორი იოსებ ჰაიდნი, რომელიც ლონდონიდან გზად ბონში შეჩერდა , მოისმინს რა   ახალგაზრდა ბეთჰოვენის კანტატას, მის  ცეცხლოვან იმპროვიზაციებს და სხვა ნაწარმოებებს, მომენტალურად აღნიშნავს მის მონაცემებს და ვენაში ჩასვლას შესთავაზებს.  რაღა თქმა უნდა, რომ ლუდვიგი დათანხმდა.მეგობრები ლუდვიგის ძმებს სამსახურში აწყობენ,გრაფი ვალდშტეინი კურფიუტსტს სტიპენდიას ანიშვნინებს,აღიჭურვება სარეკომენდაციო წერილებით ვენის მეცენატებისადმი და 1792 წელს დატოვა ბონი. ამ დროიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე ბეთჰოვენის მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ვენასთან. 
ბეთჰოვენს  სიკვდილამდის არ დავიწყებია გრაფის მეგობრობა. 1804 წელს მან თავის დიდ  მეგობარს მიუძღვნა სონატა  C-dur op.53.
 ორი წლის განმავლობაში ბეთჰოვენი ვენისთვის რჩება პროვინციალად, რომელსაც აულაგმავი ბუნება აქვს. აქ იგი მარტოობას განიცდის. ბეთჰოვენი მეცადინეობას იწყებს ჰაიდნთან, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ ეწყობა,რადგან იგი ყოველთვის არ არის კმაყოფილი მოსწავლის  ბუნტარული  ბუნებით.  ჰაიდნმა ბეთჰოვენს ზედმეტ სახელად დაარქვა: “დიდი მონღოლი”. ბეთჰოვენიც არ არის კმაყოფილი: “სამი წლის განმავლობაში ჰაიდნთან მეცადინეობით ვერაფერი  შევიძინე”-ამბობდა იგი 1796წელს. შემდგომ გაკვეთილები სალიერთან. მასთან მეცადინეობა ბეთჰოვენს დიდ კმაყოფილებას ანიჭებდა. რამოდენიმე წლის განმავლობაში, მაესტროს ხელმძღვანელობით სწავლობდა საოპერო არიების მსუბუქად, თავისუფლად და გამომხატველად წერის ხელოვნებას. მოწაფისა და მასწავლებლის ურთიერთობა უცვლელი დარჩა მეცადინეობის დამთავრების შემდეგაც.
ვენაში ჩასვლის ორი წლის შემდეგ კომპოზიტორის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა. 
ბეთჰოვენის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა მისი გამგზავრება პრაღასა და ბერლინში -1796 წლის თებერვალში.
გენიალურმა იმპროვიზაციებმა სასახლესა და აკადემიაში უჩვეულო აღტაცება გამოიწვია. 1796 წლის შემოდგომით იგი კვლავ ბენაშია. ხუთი წლის მანძილზე(1795-1799) ბეთჰოვენმა მრავალი სახის ნაწარმოები შექმნა. მათ  შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საფორტეპიანო სონატებია.
1798 წელს ჰქმნის ცნობილ “პათეტიკურ სონატას”.
1798 წლიდან (28წლის) ბეთჰოვენს სმენა სულ უფრო სუსტდება, თუმცა იგი ხელს არ უშლის ნაწარმოებთა შექმნაში.
1800 წელს იმართება პირველი “აკადემია”, რამაც დიდი წარმატებით ჩაიარა.
1801წლის, ზაფხული ბეთჰოვენმა უნგრეთში გაატარა, ბრუნსვიკების მამულში, სადაც დაწერა “მთვარის სონატა”, გამოქვეყნდა 1802 წელს.
1801 წ. 26 მარტს შედგა  ბალეტ “პრომეთეოსის ქმნილებანის” პრემიერა.
ბეთჰოვენის შედევრებია: 1803წ.-“კრეიცერის სონატა” ვიოლინოსა და ორკესტრისათვის;
1804 წ.- “გმირული სიმფონია”
1804 წ.-“ავრორა” და “აპასიონატა”- საფორტეპიანო სონატები.
1804წ.-ოპერა “ფიდელიო”
1805წ- ოპერა “ლეონორა N2” იგივე “ფიდელიო” გადაკეთებული II ვარიანტი.
მესამე სიმფონია თავდაპირველად მიეძღვნა ნაპოლეონს, მაგრამ შემდეგ მიძღვნა მოხსნა. 1804 წლის გაზაფხულზე, იმ დროს, როცა სუფთად გადაწერილი სიმფონია ბეთჰოვენის მაგიდაზე იდო, თავფურცელზე ზემოთ ეწერა სიტყვა “ბონაპარტეს”, ქვემოთ კი “ლუიჯი ვან- ბეთჰოვენი”. და არც ერთი ზედმეტი სიტყვა...
ბონაპარტმა თავი იმპერატორად გამოაცხადა. ამ ცნობით, ბეთჰოვენი ძალიან გაცხარდა და წამოიყვირა: “ისიც ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა! ახლა ადგება და ადამიანურ უფლებებს ფეხქვეშ  გათელავს, პატივმოყვარეობას აყოლილი ყოყლოჩინობას მოჰყვება და ტირანად გადაიქცევა!-ბეთჰოვენი მაგიდასთან მიიჭრა, თავფურცელს ხელი დასტაცა, შუაზე გადახია და შორს მოისროლა.”
ახალი სათაური იუწყებოდა-”გმირული სიმფონია”!
კომპოზიტორი “აპასიონატას” თავის ყველაზე უფრო საუკეთესო სონატად (N23) სთვლიდა. იგი ბრუნსვიკების მამულში დაწერა 1801 წლის ზაფხულში, სტუმრად ყოფნის დროს.იქ მის მოსწავლეთა შორის გამოჩნდება 17 წლის ჯულიეტა გვიჩარდი, უსაზღვროდ მომხიბლავი. ხუმრობით და ღიმილით მხოლოდ მას შეეძლო ბეთოვენის “მელანქოლიის” განდევნა მასწავლებელი დამყოლია. იგი პირდაპირ წერს მეგობარს: “მას მე ვუყვარვარ და მე იგი მიყვარს... ძვირფასი გოგონა, ჯადოქარი.” გრაფინია ჯულიეტა გვიჩარდს ეძღვნება სონატა-ფანტაზია. დაუმშვიდებელი ოხვრადა ნაღველი, ძალიან თავშეკავებულ მელოდიაში. დიდი სულიერი აღმავლობის წყალობით “აპასიანოტა” ჩვენთვის ერთ-ერთი უახლოესი კლასიკური ნაწარმოებია.
ბეთჰოვენს 35 წელი შეუსრულდა. მშობლიურ გერმანიაში მას მოიხსენიებენ სახელოვან ადამიანთა შორის. პარიზში მას ისე აფასებენ, რომ ფაბრიკანტი ერარი ახალი ნიმუშის საუცხოო როიალს უგზავნის საჩუქრად.შოტლანდიის, ლონდონის, პეტერბურგისა და  მოსკოვის სალონებში ასრულებენ მის კამერულ მუსიკას. ბეთჰოვენის, როგორც პიანისტის გამოსვლები იწვევს საზოგადოების გაუგონარ აღტაცებას. ავბედითი, მზარდი სიყრუე, როგორც ეტყობა, მის  შემოქმედებაზე გავლენას თითქმის არ ახდენს.
1806-1809 წლებში შეიქმნა კიდევ სამი სიმფონია, ოთხი კონცერტი, ოთხი კვარტეტი, უვერტიურა, სონატები და ბევრი სხვა ნაწარმოები. ზოგიერთი მათგანი ამა თუ იმ ჟანრის მწვერვალს წარმოადგენს. ბათჰოვენს დღე მკაცრად ჰქონდა დაგეგმილი: დილით ძალიან ადრე  დგებოდა და გათენებიდან სადილობამდე მუშაობდა. დანარჩენ დროს ფიქრსა და იდეების დალაგებას ანდომებდა. იგი მრავალ დაავადებას ებრძოდა.1796 წლიდან ბეთჰოვენი  ყრუვდება, ეს დიდი ხნის წინ დაეწყო. ხანგრძლივმა მკურნალობამ შედეგი არ მოიტანა.პირველად მარჯვენა ყური დაუდგა, მაგრამ ტკივილები მალე მარცხენა ყურზეც გადავიდა. ამავე პერიოდში ტკივილი თვალებმაც დაუწყო, აწუხებდა კუჭის კატარი, რომელიც ქრონიკულ  ავადმყოფობაში გადაიზარდა, 1808 წლიდან ხელის თითის ანთება  ნეწყება, 1809-10 წწ. ციებცხელებამ შეიპყრო, საე რომ სიცოცხლის ბოლო წლები განუწყვეტელ ტანჯვა – წამებაში გაატარა.
“გმირულის “ შემდეგ 1806-09წ. შეიქმნა კიდევ სამი სიმფონია- მეოთხე, მეხუთე და მეექვსე. სამი კონცერტი- ერთი სავიოლინო, ორი საფორტეპიანო(4-5), საგუნდო ფანტაზია და უვერტიურა “კორიოლანოსი”-(1807).
“”კონცერტი” გავრცელებული სიმფონიური ჟანრია, რაც წარმოადგენს “შეჯიბრს” შემსრულებლისა (ზოგჯერ ორი ან სამი) და ორკესტრს შორის. კონცერტის ტრადიციული ტიპი მოცარტმა დაადგინა. ბეთჰოვენმა ეს ჟანრი არსებითად დაუახლოვა სიმფონიას და ძალზე გაზარდა შემსრულებლისადმი მომთხოვნელობა. რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ, 1812 წელს, დაამთავრა ორი შესანიშნავი სიმფონია, მეშვიდე და მერვე. ამ დროს იქმნება კამერული ნაწარმოებები, კვარტეტები, ტრიოები. იმის გამო, რომ ევროპაში პოლიტიკური, ეკონომიური და სოციალური ვითარება ძალიან დაიძაბა ომის გამო, კომპოზიტორმა უარი თქვა ახალ “აკადემიაზე”, იმდენად გააღატაკეს ვენის მცხოვრებლები.
1812 წლის 19 ივლისს, როდესაც კომპოზიტორი პრაღის მახლობლად კურორტ ტეპლიცაში ისვენებდა, შეხვდა დიდ პოეტს გოეთეს. მისი ტრაგედიის “ეგმონტის მიხედვით,(ნიდრელანდელი ხალხის  აჯანყებას ესპანელი დამპყრობლების  წინააღმდეგ)მუსიკაში, ისევ ისეთივე რევოლუციური აღმავლობა, მოწოდება ბრძოლისაკენ-ამაღლებული ტრაგიკული მელოდიები, ეჯახება ნათელ, საზეიმო, გამარჯვებულ   მელოდიებს. “ეგმონტის მუსიკაში არის ორი შესანიშნავი კლერხენის სიმღერა.
 მაგრამ ურთიერთობა ორ უდიდეს ადამიანს შორის დაიძაბა. ერთხელ, როცაიგი გოეთესთან ერთად ეტლით მგზავრობდა, პოეტმა უკმაყოფილება გამოთქვა, გამვლელები თავს ხშირად გვიკრავენო. ბეთჰოვენმა უპასუხა: “ნუ შეწუხდებით, თქვენო აღმატებულებავ, იქნებ თავის  დაკვრა მე მეკუთვნის.” 
ვენაში ცხოვრობდა გამომგონებელ-მექანიკოსი იოჰან მელცერი. მელცერი კარგი პიანისტი  და პედაგოგი იყო, მაგრამ მის ჭეშმარიტ მოწოდებას გამომგონებლობა წარმოადგენდა და სწორედ ამ დარგში მიაღწია ჩინებულ ჩედეგებს. მან კომპოზიტორს სასმენი მილი გაუკეთა .მელცერის ყველაზე შესანიშნავ  გამოგონებად ითვლება ხელსაწყო,(1812წ.) “მეტრონომი”, რომელიც თანაბარ დარტყმათა საშუალებით, აბსოლუტური სიზუსტით ადგენს ყველანაირ ტემპს. ბეთჰოვენი გაეცნო ხელსაწყოს, აღტაცებაში მოვიდა და თანაბარ დარტყმათა წაბაძვით დაწერა  მერვე სიმფონიის ალეგრეტო,  ხის სასულე საკრავთა გამოკვეთილი აკორდების თანხლებით. შემდეგ იგი წერს კანონს ხმებისათვის, რომელსაც უწოდა “ტა-ტა-ტა” და ეს სახუმარო ნაწარმოები შეასრულა მეგობრულ საღამოზე მელცერის პატივსაცემად.
1815 წლის ბოლოს გარდაიცვალა ბეთჰოვენის ძმა კარლ- კასპარი. მან ძალიან გულთბილი ყურადღება და სიყვარული გამოამჟღავნა მომაკვდავი ძმისადმი. კარლმა ძმას თავისი  ცხრა წლის ვაჟის მეურვეობა უანდერძა, რადგან ცოლი გარყვნილ და ფუქსავატ ქალად მიაჩნდა.
პატარა კარლი(ძმის შვილი) ნიჭიერი, თუმცა პატარაობიდან ცროპენტელა და ზარმაცი . თავისი მისწრაფება საბოლოოდ სამხედრო სამსახურში ჰპოვა, სადაც ბეთჰოვენმა პროტექციით , ოფიცრად გაამწესა. შემონახულია კარლის სურათი, საიდანაც ულვაშიანი, ლოთი-შფოთის ფიზიონომია შემოგვცქერის. გული გეტკინება, როცა გაიფიქრებ, რომ ამ არაკაცმა შეუმცირა სიცოცხლის დღენი დიდ კომპოზიტორს. დღითიდღე სწამლავდა მის არსებას და აყენებდა უამრავ მწუხარებას.
ბეთჰოვენი აღარ გამოდის კონცერტებით, როგორც პიანისტი და დირიჟორი. შინაგანი სმენა დაუზიანებელია ყრუ კომპოზიტორი გენიალურ სიმფონიებს, სონატებს, უვერტიურებს, კვარტეტებს წერს. ადამიანებთან საუბარი ხდება წერილობით. ბეთჰოვენი ხმამაღლა გამოთქვამს თავის მოსაზრებებს პოლიტიკურ თემებზე და არა მარტო ვიწრო წრეში ერთი მეგობარი თხოვს იყოს უფრო ფრთხილი: “თქვენ ეშაფოტზე მოხვდებით.” -გაფრთხილება უშედეგოა. 
ყველას ატყვევებს “ბეთჰოვენის ფიზიკური და მორალური ძალა, რომლის ენერგიაც ნაპირებს ეხეთქება და მას გადადის. ის გადმოიფრქვევა გადასარევ ფიქრებში, ფანტაზიის ამოფრქვევაში, ხუმრობის მდინარეში, მის  წყვეტილ მოძრაობებში.არაფერი ისე არ ეჯავრება,როგორც მოდუნება.” 
ბოლო მეცხრე სიმფონია, -ბეთჰოვენის მუსიკალური ანდერძი- ეს არის თავისუფლების სიმღერა, ცეცხლოვანი მოწოდება მომავალი თაობებისადმი. 
ნათელ, საზეიმო სიმფონიის ფინალს, ამ გათავისუფლებული ადამიანის გამარჯვების ჰიმნს, წინ უსწრებს სიბნელე და სასოწარკვეთა, ქუხილი და შეურიგებელი ბრძოლა. ფინალურ ნაწილში ორკესტრს უერთდება უზარმაზარი გუნდი, ისმის შილერის ოდა ”ბედნიერებისათვის”. კომპოზიტორი და პოეტი მთელ კაცობრიობას ძმობისკენ მოუწოდებენ: “მილიონობით ადამიანებო, გადაეხვიეთ ერთმანეთს!” ბეთჰოვენი მომავალ თაობას, ადამიანისთვის ყველაზე აუცილებელ მოთხოვნას: სიყვარულს და თავისუფლებს უანდერძებს.
1826 წლის შემოდგომა. ბეთჰოვენი ვენიდან მოშორებით ცხოვრობს. იგი თავის ბოლო სიმებიანი კვარტეტის ფინალზე მუშაობს. მოიაზრებს და აკეთებს ჩანაწერებს მომავალი მეათე სიმფონიისათვის.”მე ვიმედოვნებ ვაჩუქო მსოფლიოს კიდევ რამდენიმე დიდი ნაწარმოები, შემდეგ კი...” ოცნება არ ახდა. კომპოზიტორი მძიმედ გახდა ავად, გაემგზავრა ვენაში და მისი ძლიერი ორგანიზმი კიდევ რამოდენიმე თვე ებრძვის ავადმყოფობას. გაუკეთდა სამი ოპერაცია. “ყველაზე სამწუხაროა, და მე ამას არც ვმალავ, რომ მე დროებით  სრულიად განწირული ვარ უმოქმედობისათვის.”-წერდა ლუდვიგი 1827 წლის 18 თებერვალს.
მის სულში მელოდიები იკუჭებიან, იგი ეძებს ახალ ფორმებს და წყურია ჩქარა დაამთავროს მეათე სიმფონია.
1827 წლის 27 მარტს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი გარდაიცვალა.
მის სასახლეს ოც ათასზე მეტი ადამიანი მიაცილებდა.სასაფლაოზე ითქვა სიტყვა ,დაწერილი პოეტ გრილპარცერის: “ის იყი მხატვარი, მაგრამ ასევე ადამიანი, ადამიანი უდიდესი ამ  სიტყვის სრული მნიშვნელობით... მასზე შეიძლაბა ითკვას, როგორც არავისზე: მან შექმნა დიდებულება, მასში არ იყო არაფერი ცუდი.”


წყარო


ბახი

იოჰან სებასტიან ბახი
 (დ. 21 მარტი/ 31 მარტი, 1685, აიზენახი, თიურინგია - გ. 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქისგერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი; ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყოველი მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მოცარტიდან შონბერგამდე.
 ბიოგრაფია
ბახი ათი წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა, რომელიც ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო 1700 წელს იგი მიიღეს ლიუნებურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე დაამთავრა ლიცეუმი. ბახზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ლიუნებურგის წმინდა იოანეს ეკლესიის ორგანისტმა გ. ბემმა. 1703 წელს ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ. მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორგანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორგანისტის ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორგანო მუსიკით. აქვე შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე "კაპრიჩო ძმის გამგზავრების გამო" (1704).არნშტადტის შემდეგ ბახი მცირე ხანს მუშაობდა მიულჰაუზენში, სადაც 1708 წელს შექმნა "არჩევნების კანტატა" (ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოსცა მის სიცოცხლეშივე). იმავე წელს ბახი კვლავ ვაიმარში დაბრუნდა ჰერცოგ ვილჰელმ ერნესტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ღრმად გასცნობოდა ევროპული ქვეყნების მუსიკალურ კულტურას, მათ მიღწევებსა და სიახლეს. მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ, განსაკუთრებით მისმა ბრწყინვალე საკონცერტო სტილმა ( ანტონიო ა. ვივალდისა და არქანჯელო კორელის შემოქმედებამ). იტალიური მუსიკის თემები ბახმაკლავესინსა და ორგანზე გადაიტანა და მათ ახალი ინტერპრეტაცია შესძინა. ვაიმარში შექმნა უკვე ბახისეული გენიით აღბეჭდილი სრულყოფილი ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი (1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა "მამშვიდებს მხოლოდ მხიარული ნადირობა" (1716) და მრავალი სხვა. 1717 წელს ბახი ვაიმარიდან კეთენში გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა კამერულ ორკესტრს და უკრავდა კლავესინზე. ამ პერიოდში ბახი ძირითადად ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრში მუშაობდა. კეთენში შეიქმნა "კარგად ტემპერირებული კლავირის" I ტომი (1722), ექვსი "ინგლისური" (1720-1722) და ექვსი "ფრანგული სიუტა", ორ- და სამხმიანი ინვენციები (1720), ექვსი "ბრანდენბურგული კონცერტი" (1719), ექვსი სონატა ვიოლინოსათვის (1720). 1723-იდან გადავიდა ლაიფციგში წმინდა თომას ეკლესიისა და ამავე ეკლესიის სკოლის კანტორად (ეკლესიის მგალობელი, საეკლესიო მუსიკის მასწავლებელი). ლაიფციგში ბახი გარდაცვალებამდე დარჩა.ლაიფციგის პერიოდი ყველაზე რთული და მრავალფეროვანია ბახის შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში აქტიურად შეიჭრა სასულიერო თემატიკა, შეიქმნა პასიონები ("ქრისტეს ვნებანი") -იოანეს (1723), მათეს (1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-1738), "სააღდგომო ორატორია" (1736), "მაგნიფიკატი" (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო საერო ნაწარმოებები: "ყავის კანტატა" (1732), "თესევსი და პანი" (1732), კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე (1735), "მწყემსური კანტატა" (1725), "ღამის მუსიკა" (1738) და სხვა. აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები: "კარგად ტემპერირებული კლავირის" II ტომი, "გოლდბერგის ვარიაციები" (1742), "ფუგის ხელოვნება" (1749-1750), საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები, ინსტრუმენტული კონცერტები, "იტალიური" კონცერტები (1734).ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიოს მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურული წყაროები ხალხური შემოქმედებიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, ა კაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან ბახს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა. ბახის შემოქმედება ფილოსოფიური ლირიკის სფეროში ვითარდება და გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. ეს ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა მის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახის საეკლესიო მუსიკა გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. იგი რელიგიურ გაიდეალებისაკენ კი არა, მისი გაადამიანურებისაკენ მიისწრაფვის. ბახის საეკლესიო მუსიკა გამორიცხავს ყოველგვარ ასკეტიზმს. იგი ერთდროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა: თავისუფალი "ქრომატული ფანტაზიიდან" რამდენადმე განყენებული "ფუგის ხელოვნებამდე", ჟანრულ-სახუმარო "კაპრიჩიოდან" - დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არც ერთხელ არ მიუმართავს.ბახის ნაწარმოებების გაცოცხლებაში უდიდესი წვლილი, მე-XIX საუკუნეში შეიტანა ცნობილმა კომპოზიტორმა მენდელსონმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბახის ნაწარმოებების სახალხო შესრულების ღონისძიებებში. მისივე შუამდგომლობით, 1842 წ., ქ. ლაიფციგში წმ. ფომას ტაძართან მდებარე სკოლის წინ დაიდგა იოჰან სებასტიან ბახის ძეგლი. საინტერესოა, რომ ძეგლი განასახიერებს ბახს, რომელიც დგას ამობრუნებული, ცარიელი შარვლის ჯიბით. ამ ფაქტს მოსახლეობა აღიქვავს, როგორც მოქანდაკის მიერ, წვრილშვილიანი ბახის უკიდურესი სიღარიბის ხაზგასმას.ბახების მუსიკალურ დინასტიამ, როგორც ბახის წინაპრების, ისე მისი ვაჟების სახით, ღრმა კვალი დაამჩნია გერმანული მუსიკის განვითარების პროცესს. "დიდი ბახის" ტიტული მ. შ. იოჰან სებასტიან მიაკუთვნა მსოფლიომ, რაც განაპირობა მის თხზულებაში მხატვრული იდეის ძალამ, გრძნობათა და განცდათა სიმდიდრემ, სახეთა სიმკვეთრემ და ინდივიდუალობამ.ბახის შემოქმედება მთელი სისრულით მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეისწავლეს და ღირსეული ადგილი მიუჩინეს მსოფლიო მუსიკალურ საგანძურში. 1950 წლიდან ლაიფციგში ყოველ ოთხ წელიწადში იმართება ბახის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები.აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა საბალეტო სპექტაკლი ბახის სავიოინო ნაწარმოების "ჩაკონას" მიხედვით (1975, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე, მხატვარი ნ. იგნატოვი). 1985 წელს ღირსეულად აღინიშნა საქართველოში ბახის დაბადების 300 წლისთავი. ამავე წელს მუსიკის ფესტივალები ჩაატარეს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ჯ. კახიძის დირიჟორობით და კამერულმა სახელმწიფო ორკესტრმა ლ. ისაკაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა მოსკოვის ბიჭუნათა გუნდთან ერთად შეასრულა მცირე მესები და მონუმენტური "იოანეს პასიონი", ცოტა ადრე კი მესა სი-მინორი. კამერულმა ორკესტრმა შეასრულა ბრანდებურგის კონცერტი № 5, კონცერტები კლავირისათვის, ორი ვიოლინოსათვის, სიუიტები, სოლო ვიოლონჩელოსათვის, კანტატები და სხვა. ბახის უკვდავი "მაგნიფიკატი" უცვლელად არის საქართველოს სახელმწიფო კაპელის რეპერტუარში.ი. ს. ბახის პირველი დეტალური ბიოგრაფია, 1754 წ. განთავსებულია მაცლერის მუსიკალურ ბიბლიოთეკაში. იგი შედგენილია ბახის ერთერთი მოსწავლის - აგრიკოლასა და კომპოზიტორის შვილის კარლ ფილიპ ემანუილ ბახის მიერ. აღნიშნული ბიოგრაფია წარმოადგენს ცალკეული ბიოგრაფიული ფაქტების საიმედო წყაროს, იგი განსაკუთრებით ფასეულია ბახის ნაწარმოებთა ჩამონათვალის განხილვისა და დაზუსტების მხრივ.

წყარო

მუსიკოსები


  • მუსიკოსი არის ადამიანი, რომელიც უკრავს ან ქმნის მუსიკას. მუსიკოსები შეგვიძლია დავყოთ იმის მიხედვით, თუ რა ფუნქცია აკისრიათ მათ მუსიკის შექმნისას ან შესრულებისას





  • მომღერალი (ან ვოკალისტი) იყენებს ინსტრუმენტად საკუთარ ხმას.
  • ინსტრუმენტალისტი უკრავს მუსიკალურ ინტრუმენტზე.





  • მომღერალი და ინსტრუმენტალისტი ერთად შეიძლება იყვნენ იმპროვიზატორები, რომლების მუსიკას რეალურ დროში ქმნიან.




  • კომპოზიტორები და ტექსტის ავტორები წერენ მუსიკას.




  • დირიჟორი მართავს მუსიკალურ გუნდს.